ჟინვალი
ჟინვალის ხეობა წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ინდუსტრიის ერთიანობის ერთ-ერთ ნიმუშს. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე არაგვის შუა წელში. მეოცე საუკუნის ბოლოს აქ შეიქმნა წყალსაცავი ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო. საქართველოს წყალსაცავებიდან იგი ყველაზე ახალგაზრდაა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დედაქალაქის წყლით მომარაგების საკითხში. მაგრამ მისმა მშენებლობამ მარტო სარგებელი როდი მოიტანა.
მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაწყების შემდეგ მოექცა. აღნიშნული ტაძარი წარმოადგენს საქართველოს ბაზილიკური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ნიმუშს. 80-იან წლებამდე, სანამ ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმიდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძარი წელიწადის უდიდესი ნაწილის მანძილზე წყლის ქვეშაა მოქცეული, ხოლო მისი ზედაპირზე გამოჩენის პერიოდში მასთან მისვლა ჭირს. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს ის თაღიც, რომელიც ტაძრის თავზე ჯერ კიდევ დგას.
ჟინვალის ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, სადაც უკვე რამდენიმე წელია წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს.
წყალსაცავის მარჯვენა ნაპირზე ამაყად დგას ულამაზესი ციხე-კომპლექსი. ანანურის ციხე-სიმაგრე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. ანანურის ანსამბლი შედგება, როგორც სამხედრო ისე საეკლესიო დანიშნულების მქონე ნაგებობებისაგან.
ოცი მეტრის სიმაღლის ხუთსართულიანი საყარაულო კოშკი, რომელიც ამჟამად ციტადელის ცენტრშია მოქცეული წარმოადგენს კომპლექსის უძველეს ნაგებობას. თვითონ ციხე კი შედგება ოთხი მრგვალი და ერთი ოთხკუთხა კოშკისაგან, რომელიც შვიდი სართულის სიმაღლისაა და „შეუპოვარი“ ეწოდება.
კომპლექსში სამი ტაძარია გაერთიანებული. ესენია: მცირე ზომის ეკლესია „მკურნალი“; მცირე გუმბათიანი ტაძარი “ღვთაება” და დიდი გუმბათიანი ტაძარი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დიდი ტაძრის მხატვრულად გაფორმებული ფასადები.
ეს ყველაფერი შეადგენს ჟინვალის ხეობის ცხოვრებას. ასე რომ თუკი დუშეთში მოხვებით ჟინვალში შევლას ნუ დაიზარებთ და კმაყოფილებიც დარჩებით.